ბარათელი საპროცესო შეთანხმებაზე პოზიციას ხვალ დააფიქსირებს

ბარათელი საპროცესო შეთანხმებაზე პოზიციას ხვალ დააფიქსირებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანი 2013 წლის 16 აპრილს, 10:30 წუთზე გააგრძელებს უკანონო ნივთის შენახვა-გამოყენებისთვის ბრალდებულ გიორგი ბარათელის საქმის განხილვას.

ხვალინდელ პროცესზე გიორგი ბარათელი დაააფიქსირებს თავის პოზიციას საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით და იტყვის, ეთანხმება თუ არა პროკურატურის შეთავაზებას.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს გამართული სასამართლო სხდომის ბოლოს, პროკურორმა თამაზ ჯალიაშვილმა ადვოკატ მამუკა ნოზაძეს ხმამაღლა, დარბაზში მყოფთა თანდასწრებით შესთავაზა საპროცესო გარიგება, ბრალის აღიარებისა და თანხის გადახდის გარეშე, მინიმალური - რამდენიმეთვიანი სასჯელით.

პროკურორმა თქვა ისიც, რომ ეს წინადადება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული აქვს. თამაზ ჯალიაშვილი საპროცესო გარიგების შეთავაზებას სახელმწიფო სახსრების დაზოგვის მიზნით ხსნის, ვინაიდან წინ ათეულ მოწმეზე მეტი უნდა დაიკითხოს, რომელთაგან ზოგი პატიმარია და ზოგი ამინისტიით გათავისუფლებული.

გიორგი ბარათელის საქმეზე ბრალდების ოთხმა მოწმემ მისცა ჩვენება. პროკურატურამ სასამართლოში მოწმეების 16-კაციანი სია წარადგინა. ასე რომ კიდევ 12 პირი უნდა დაიკითხოს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგი ბარათელი აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის გამოა მსჯავრდებული. იგი სასჯელს 2007 წლის 20 მაისიდან იხდის. ბარათელს 26 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი.