ნინო ბურჯანაძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით სიმართლის გარკვევა მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს დააზარალებს

ნინო ბურჯანაძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით სიმართლის გარკვევა მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს დააზარალებს

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით სიმართლის გარკვევა მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს დააზარალებს.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ქვეყანამ, საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა იცოდეს სიმართლე.

"სიმართლე აგვისტოს ომთან დაკავშირებით დააზარალებს მიხეილ სააკაშვილს და მის უპასუხისმგებლო გუნდს, რომლებმაც ჩემი არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად ქვეყანა დააქციეს და დაღუპეს. სიმართლე არათუ არ დააზარალებს საქართველოს, არამედ სიმართლე ჩვენ მოგვცემს შანსს ღიად ველაპარაკოთ აფხაზებს და ოსებს და დავიწყოთ ჩატეხილი ხიდების აღდგენა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ის მზად არის ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მას ინფორმაცია გააჩნია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"ჩემ დროს ომი არ ყოფილა, იმიტომ რომ მე ვარ პოლიტიკოსი, მე მქონდა პასუხისმგებლობა აღებული საკუთარი სამშობლოსა და საკუთარი ქვეყნის წინაშე და განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისგან და სააკაშვილისგან მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. თუ არაფერი გაქვს დასამალი - არც არაფრის არ გეშინია, რისი ეშინია "ნაციონალურ მოძრაობას" თუ თვლის რომ მართალია?", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის კომენტარი პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.