აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისია პროკურატურაში შეიქმნება

აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისია პროკურატურაში შეიქმნება

პროკურატურაში აგვისტოს ომის შესასწავლად, სპეციალური საგამოძიებო კომისია შეიქმნება, - ამის შესახებ ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ომის შემსწავლელი კომისიის ფარგლებში ყველა ის პირი დაიკითხება, ვინც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ ინფორემაციას ფლობს.

"ნამდვილად მოგვიწევს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს. ვსაუბრობ, როგორც პროკურატურის და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. ჩვენი ამოცანაა, სამართლებრივ ასპექტში შევისწავლოთ, ჰქონდა თუ არა ადგილი, ომის დანაშაულებს. სხვა ტიპის შესწავლა, მაგალითად პარლამენტი რას აკეთებს ან გააკეთებს, ეს პოლიტიკოსთა უფლებაა და ჩვენ მას არ შევეხებით, მაგრამ ჩვენ ნამდვილად შევქმნით საგამოძიებო კომისიას და შევისწავლით სამართლებრივ საკითხებს", - განაცხადა კბილაშვილმა.

მისი თქმით, ჯგუფის შექმნის შემდეგ, საგამოძიებო გეგმა შეიქმნება და დაიგეგმება, ვინ დაიკითხება.

"წინასწარ დაანონსება, რომ ესა თუ ის თანამდებობის პირი დაიკითხება, არასწორი იქნება, თუმცა საქმის გამოძიებისას არ იარსებებს არც ერთი თანამდებობის პირი, რომლის დაკითხვაც საჭიროა და არ დაიკითხება. ყველა, ვისაც შემხებოლა ექნება, დაიკითხება კომისიის ფარგლებში", - განაცხადა კბილაშვილმა.