ალექსი პეტრიაშვილი საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შეხვდა

ალექსი პეტრიაშვილი საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შეხვდა

მთავრობის კანცელარიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა , საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრა გამართა. 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დინამიკა იყო.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება პრაქტიკულად დასრულებულია და ამჟამად მხარები ტექნიკურ დეტალებზე მუშაობენ.

აღინიშნა, რომ ახალ მთავრობას მოსალაპარაკებლად ასოცირების შეთანხმების ყველაზე უფრო რთული ნაწილები ხვდა წილად. ასოცირების შეთანხმების ტექსტში საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და უსაფრთხოების შესახებ საკითხები სათანადოდაა ასახული.

"გვინდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება იყოს ინფორმირებული, თუ როგორ წარიმართა მოლაპარაკების პროცესი. ცოტა ხნის წინ შედგა ბოლო რაუნდი ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, დღეს გვაქვს ყველა საფუძველი იმისათვის, რომ განვაცხადოთ-ასოცირების შეთანხმების პარაფირება შესაძლებელი იქნება ვილნიუსის სამიტზე, შემოდგომაზე", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, დოკუმენტი შეთანხმებულია, მასზე მუშაობა დასრულებულია. ტექნიკური დეტალების საბოლოო შეთანხმების შემდეგ დაიწყება ასოცირების შეთანხმების ტექსტის სამართლებრივი და ტექნიკური გამართვა, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირებით ევროკავშირისთვისაც და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდა და მიღწეულია შეთანხმება პოლიტიკურ ასოცირებაზე", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ სახელმწიფო მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივცრის შესახებ მოლაპარაკებების მიდინარეობის პროცესის შესახებ გააცნო.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და კითხვები ძირითადად ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის პროცედურებსა და ვადებს შეეხებოდა. ასევე, შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ცალკეულ სფეროებში (კონკურენცია, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, არასატარიფო ბარიერები) ასოცირების შეთანხმების განხორცილების პროცედურებით. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისა და ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის მაქსიმალურად ჩართულობის საკითხი

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო 2005 წელს შეიქმნა. მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, მედიის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ. საზოგადოებასთან აქტიური დიალოგის მიზნით შეხვედრები პერიოდულად იმართება, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პრიორიტეტული და სხვა აქტუალური საკითხები განიხილება.