პარლამენტმა

პარლამენტმა "პროკურატურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა "პროკურატურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კობა დავითაშვილის საკანონმდებლო პაკეტის არსი და მიზანი იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებათა ერთმანეთისგან მკვეთად გამიჯვნაში და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში პროკურატურის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებაში მდგომარეობს. კანონპროექტს უმცირესობის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. 

როგორც უმცირესობაში აცხადებენ, ბუნდოვანია თუ რა უფლებები იმიჯნება თანამდებობის ამ პირებს შორის. ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, მათი უფლებები კონსტიტუციითაც რეგულირდება და თუ უმრავლესობა თანახმა იქნება, უმცირესობა უმრავლესობასთან კონსულტაციების შემდეგ მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებებსაც დათანხმდეს, რათა კანონი უფრო გასაგები და მისაღები იყოს.

გარდა ამისა, მთავარი პროკურორის დანიშვნის წესში არაფერი შეიცვლება და ეს საკითხი ზუსტად ისევე დარჩება, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. "პროკურატურის შესახებ" კანონის თანახმად კი, მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი. ამ მიმართულებით ცვლილებების შემოტანას დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული "პროკურატურის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებდა, რომლიც პარლამენტში ჯერ კიდევ ნოემბერში შევიდა და პირველი მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გავიდა.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მოხსნა-დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთთან სამი მხარე: - თავად კობა დავითაშვილი, მთავრობა და პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად დავობდა. საკითხი მთავრობის მხრიდან "მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების ინიცირებას მოითხოვდა, თუმცა, პრეზიდენტმა კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას თანხმობა არ მისცა.

დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრის წარდგინებითა და მთავრობის თანხმობით, ხუთი წლის ვადით, თანამდებობაზე უნდა დაენიშნა და თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა პრემიერ-მინისტრს. ამასთან, წარმოდგენილი პროექტის გათვალისწინებით, მთავარ პროკურორად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ დანიშვნა, არ შეიძლებოდა. დავითაშვილი კანონმდებლობაში მთავარი პროკურორის იმპიჩმენტის პროცედურის ჩადების ინიციატივითაც გამოვიდა, რომლის მიხედვით, მთავარი პროკურორის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მას იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, მთავრობის თანხმობით, თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი გაათავისუფლებდა.