შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნენ

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნენ

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე და სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში არსებული პრობლემების გასაცნობად ადგილზე ჩავიდნენ. მოსახლეობა სოფელში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ, რადგან ჯარიაშენი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება, რუსმა მესაზღვრეებმა მათ მიწის დამუშავების საშუალება არ მისცეს. საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებასთან ერთად იმატა ე. წ. ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს რუსი მესაზღვრეების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებმა.

კახაბერ ქემოკლიძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ შინგან საქმეთა სამინისტრო მოწოდებულია დაიცვას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ინტერესები და აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტი ინტენსიურად მუშაობს.

საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტი აღნიშნულ პრობლემებს 16 აპრილს ერგნეთში გამართულ, ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე განიხილავს.