აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფი საია-ს თანამშრომლის საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს

აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფი საია-ს თანამშრომლის საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის პირველი ჯგუფი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თანამშრომლის საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს. 

როგორც პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოიკვეთა, რომ ვიდეოჩანაწერი, რომელიც მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავდა, დაზიანდა. "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულების განადგურება სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე დანაშაულია, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე. მოგვიანებით ასევე გაირკვა, რომ ვ. თელიას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, რაზეც ყურადღების გამახვილება არ მომხდარა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად, მართვის მოწმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, მიიჩნევა სამართადარღვევად და იწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. სახელმწიფოს აქვს როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ვალდებულებები, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი მხრივ ვალდებულია არ დაარღვიოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება. აღნიშნულ საქმეზე მნიშვნელოვანია გამოკვლეულ იქნას ვიდეოჩანაწერის დაზიანების რეალური მიზეზი. შესაბამისად, საჭიროა გამოძიების წარმოება, რათა დადგინდეს დამნაშავე პირთა ვინაობა და დადგეს კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე, აუცილებელია, რომ კანონის წინაშე თანასწორობის უფლება პრაქტიკაში იყოს რეალიზებული და ადმინისტრაციული სამართალდარვევის შემთხვევაში მოქალაქეებს პრივილეგიების მინიჭების გარეშე დაეკისროთ შესაბამისი სანქცია. აღნიშნული კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება საჯარო მოხელეებს და განსაკუთრებით პოლიციის მუშაკებს. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, ჩაატარონ ეფექტური გამოძიება და საზოგადოებას მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია საქმის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს პლატფორმის წევრი 31 არასამთავრობო ორგანიზაცია.

28 მარტს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შსს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის ინციდენტი მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ იმავე დღეს ჯერ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საია-ს მძღოლი, რომან ფარტენაძე, ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და საგზაო მოძრაობის ნიშნებს არ დაემორჩილა, რითაც თელიას ავტომანქანას ავარიული სიტუაცია შეუქმნა. ამის შემდგომ, შსს-მ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელიც ადგილზე ახლომდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. 2 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოაქვეყნა დასკვნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის ვალერიან თელიასა და მოქალაქე როინ ფარტენაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ "ავერსის" აფთიაქის ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერითა და გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებებით არ დადასტურდა ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა. ასევე, გენერალური ინსპექციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გ.ს.-ს არ განუხორციელებია გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ "ბათუმის სახლში" გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერის შეგნებულად დაზიანება, თუმცა დავალების დაუდევარი და არაჯეროვანი შესრულების გამო მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელი და გამოეცხადა სასტიკი საყვედური.