მინერალურ წყალზე მოსაკრებელი - სამჯერ, მტკნარ წყალზე კი ორჯერ გაიზრდება

მინერალურ წყალზე მოსაკრებელი - სამჯერ, მტკნარ წყალზე კი ორჯერ გაიზრდება

მინერალურ წყალზე მოსაკრებელი - სამჯერ, ხოლო მტკნარ წყალზე ორჯერ გაიზრდება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ბუნებრივი რესურსების კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მტკნარ წყალზე მოსაკრებელი დღეს არსებული 4-ის ნაცვლად – 8 ლარი, ხოლო მინერალურზე – 3-ის ნაცვლად 9 ლარი გახდება.

"ვფიქრობთ, მინერალური წყალი უფრო ძვირი უნდა ღირდეს, ვიდრე მტკნარი წყალი. რაც შეეხება ბრენდების მოსაკრებელს - "ბორჯომის" შემთხვევაში 10 ლარის ნაცვლად 30 ლარი იქნება, "ნაბეღლავის" – 6-ის ნაცვლად - 18 ლარი, "საირმის" – 6-ის ნაცვლად - 18 ლარი, ხოლო "უწერას" – 4 ლარის ნაცვლად 12 ლარი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, კომპანიებს ამისთვის დიდი ძალისხმევის გაღება არ მოუწევთ, რადგან ხარჯების ოპტიმიზაციის საკმაოდ დიდი რესურსი აქვთ.

გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ მოსაკრებლის ზრდას კომპანიები სამომხმარებლო ფასებზე არ ასახავენ.

გაზრდილი მოსაკრებლით მობილიზებული თანხა იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გადაირიცხება, საიდანაც ბუნებრივი რესურსის მოპოვება ხდება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი თითქმის გასამმაგდება, გაზრდილი შემოსავლით კი რეგიონი ადგილობრივი მნიშვნელობის მეტი პრობლემის მოგვარებას შეძლებს.

კომპანიებს ახალი მოსაკრებლის გადახდა მესამე კვარტლიდან მოუწევთ. აღნიშნული საკითხი მთავრობის მომავალ სხდომაზე გავა, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტში იქნება ინიცირებული.