გია ბარამიას შემცვლელად ორი კანდიდატურა განიხილება

გია ბარამიას შემცვლელად ორი კანდიდატურა განიხილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თანამდებობაზე, არაოფიციალური ინფორმაციით, ორი კანდიდატურა განიხილება. 

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გია ბარამია შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით ფაცაციამ ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, იურისტმა ვახტანგ თორდიამ შეცვალოს.

ინფორმაციას უმაღლეს საბჭოში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ, თუმცა როგორც საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა ხელისუფლებასთან იქნება შეთანხმებული.

"კანდიდატებზე ჯერ არ გვიფიქრია, თუმცა ყველას განვიხილავთ, ვისზეც საზოგადოებრივი მოთხოვნაც იქნება. რა თქმა უნდა, ახალი თავმჯდომარის კანდიდატურად შევათანხმებთ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან", - განაცხადა გვაზავამ.

მისივე განმარტებით, უმაღლესი საბჭო გადადგომის შესახებ ბარამიას განცხადებას ორშაბათს განიხილავს.

"განცხადებაზე ორშაბათს ვიმსჯელებთ, რის შემდეგაც ის პრეზიდენტს გადაეგზავნება, ქვეყნის პირველი პირის თანხმობის შემთხვევაში კი დასამტკიცებლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა", - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

გია გვაზავას ინფორმაციით, ბარამია მუშაობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.

ცნობისთვის, ბარამიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობამდე სალონიკში საქართველოს კონსულის თანამდებობა ეკავა.

გია ბარამიამ, სხვა სამსახურში გადასვლის მიზეზით, გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა.