დავით მაღრაძეს აინტერესებს, რა კომპეტენციით ესწრებოდა მერაბიშვილი კულტურის სამინისტროში განხილვას

დავით მაღრაძეს აინტერესებს, რა კომპეტენციით ესწრებოდა მერაბიშვილი კულტურის სამინისტროში განხილვას

ვანო მერაბიშვილი ამ შემთხვევაში ვინ არის, რა კომპეტენციით ესწრებოდა ამ განხილვას, - ასეთი კითხვა დასვა კულტურის სამინისტროში რაბათის რესტავრაციასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე პოეტმა დავით მაღრაძემ.

მისი თქმით, რაბათის რესტავრაციის შესახებ ინიციატივასთან დაკავშირებით, მას ახსოვს მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამი, რომ მერაბიშვილს ბაბუა ჰყავს ახალციხიდან და მას ბაბუა ჰყოლია გორიდან. "ეს არის ინციატივის სათავე",-განაცხადა მაღრაძემ.

მისი თქმით, ის მიესალმება, რომ რაბათის თემის სახალხო განხილვა ხდება, თუმცა, მისთვის გაუგებარია, რატომ იმყოფება ასეთ განხილვაზე პარტიის წევრი.

"თუ ბატონ მერაბიშვილს იწვევთ, რატომ არ იწვევთ ნათელაშვილს, ან ბატონ კუკავას. თუ პარტიის ლიდერებს იწვევთ, მაშინ პარტიის ლიდერები უნდა მოიწვიოთ. ვანო მერაბიშვილი ამ შემთხვევაში ვინ არის, რა კომპეტენციით ესწრება ამ განხილვას, მეც ზედმეტი ვარ აქ, არათუ მერაბიშვილი", - განაცხადა დავით მაღრაძემ.

მისივე თქმით, ის მიესალმება, თუ ექსპერტები ჩაერთვებიან ამ საკითხის გარკვევაში და საზოგადოება მაღალი კლასის ექსპერტებს გამოუცხადებს ნდობას და "არა ისეთ გამვლელ-გამომვლელებს, როგორიც არის მერაბიშვილი".

დავით მაღრაძის უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ დარბაზიდან გასულ მერაბიშვილს ჟურნალისტები კომენტარის ჩასაწერად გაჰყვნენ.

"ჩვენს მედიას როგორ აინტერესებს ქართული კულტურული მემკვიდრეობა, გამოჩნდა. მერაბიშვილი მოვიდა, მოვიდა "რუსთავი- 2", წავიდა - წავიდნენ", - აღნიშნა დავით მაღრაძემ.