მეუფე თეოდორე – რაბათის სარესტავრაციო სამუშაოები საპატრიარქოსთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს

მეუფე თეოდორე – რაბათის სარესტავრაციო სამუშაოები საპატრიარქოსთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე რაბათში არსებულ მეჩეთს ქართული კულტურის ძეგლად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მისი რესტავრაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს.

როგორც მეუფემ კულტურის სამინისტროში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა, რაბათის ციხის გალამაზებას მიესალმება, რადგან იქ უამრავი ადამიანი დასაქმდა, ძეგლის აღდგენამ კი ახალციხელებში დადებითი რეაქცია გამოიწვია.

"როგორ გაკეთდა, ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სპეციალისტი და კომპეტენტური პირი არ ვარ. რომ გაკეთდა, ეს არის ძალიან კარგი. ვისაუბრებ მხოლოდ მცირე ისტორიაზე. ეს მეჩეთი აშენდა 1752 წელს ახმედ ჯაყელის მიერ, რომელიც იყო მუსულმანი ქართველი და ეს ააშენა ქართველებისთვის. ეს არის ქართული კულტურის ძეგლი. გადმოცემით, ამ ადგილზე იყო ქრისტიანული სამლოცველო რომელიც დაშალეს და აშენდა მეჩეთი. არ არის ჩატარებული სათანადო არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც ამას დაადასტურებდა, მაგრამ იმედია მომავალში ეს მოხდება. შემდეგ მოხდა ახალციხის აღება რუსეთის მიერ 1829-1830 წლებში რუსებმა დიკავეს, გადაკეთდა ტაძრად, მიშენდა სამრეკლო, გაკეთდა ორი სადიაკვნო და დაიწყო ფუნქციონირება ტაძარმა. შიგნით არის ტრაპეზი ნაკურთხი. შიგნით რომ შეხვალთ, მეეჭვება ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის მეჩეთი", - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

მისივე განმარტებით, იქ შესაძლოა, ღვთისმსახურება აღევლინოს, ამიტომ, ტაძრის მესაკუთრე საპატრიარქოა.
"რაც ეხება მის მდგომარეობას, არ შეიძლება მასში რაიმე არქიტექტურული ცვლილებების შეტანა. 200 წელია მას აქვს სამრეკლო და საკურთხეველი, რომლის შეცვლა შეუძლებელია. ნებისმიერი ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული საპარტიარქოს არქიტექტურულ საბჭოსთან. იყო საუბარი მოჩუქურთმებული ქვების გამოტანაზე, სადაც ჯვრებია ამოკვეთილი. შესაძლოა, მათ გატანაზე ვიფიქროთ, მაგრამ რადგან საპატრიარქოს ტაძარია, უნდა შეთანხმდეს საპატრიარქოსთან, რა სახის გამოფენა განთავსდება შიგნით, რადგან ყველა სახის გამოფენის განთავსებას საპატრიარქო ვერ დათანხმდება. სასიხარულოა, რომ აღდგა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ის აღდგა ძველ ფარგლებში და მისი პროექტი შეთანხმებული იყო საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოსთან", - აღნიშნა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

რაბათის რესტავრაციის საკითხზე კულტურის სამინისტროში მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს. შეხვედრას არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და ექსპერტები ესწრებიან. სამინისტროში ასევე იმყოფებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი.

საქართველოს კულტურის სამინისტრო რაბათის ციხის ტერიტორიაზე სამუშაობის ჩატარებას გეგმავს. როგორც კულტურის სამინისტროში განმარტავენ, ქართულმა მხარემ წინა ხელისუფლების დროს მისი რესტავრაციის ფარგლებში დაშვებული ხარვეზები უნდა გაასწოროს.
რაბათში სამუშაოების ჩატარებას ეწინააღმდეგება "ნაციონალური მოძრაობა". ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რაბათის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტოს.