ნიკოლოზ ვაჩეიშვილი რაბათის ციხის გარშემო მიმდინარე მოვლენებს უაზრო აურზაურს უწოდებს

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი რაბათის ციხის გარშემო მიმდინარე მოვლენებს უაზრო აურზაურს უწოდებს

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი რაბათის ციხის გარშემო მიმდინარე მოვლენებს უაზრო აურზაურს უწოდებს. როგორც ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა , სანამ ამ თემის გარშემო ამხელა აჟიოტაჟს ატეხდნენ, უკეთესი იქნებოდა, კარგად გარკვეულიყვნენ საქმის ვითარებაში.

"შეხვედროდნენ იმ ადამიანებს ვინც ამ თემაზე მუშაობდა, ვისაც უკვე კარგა ხანია ნაფიქრი აქვს და თითოეული ნაბიჯი და არჩევანი შეგნებულად აქვს გაკეთებული, მხოლოდ ამის შემდეგ ექნებოდა აზრი, თორემ მანამდე ეს იქნება უბრალო თავყრილობა", - აცხადებს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

მისივე განცხადებით, ამ თემის ირგვლივ დღევანდელ შეხვედრაზე ყველა ბევრს ილაპარაკებს, თუმცა "კრება დარჩება მხიარული", - აღნიშნა ვაჩეიშვილმა.

მისივე თქმით, ჯობს კულტურის სამინისტრო გაესაუბროს იმ ადამიანებს, ვინც ამ პროექტზე ინტენსიურად და დაუღალავად მუშაობდა და უკეთ გაეცნოს საქმის ვითარებას.

"ამას არ ჰქვია პრობლემები, ამას ჰქვია აურზაური ჭიქაში, ამიტომ კარგად ჩაიხედონ და მაშინ მიხვდებიან, რომ ყველა ამ კითხვას აქვს პასუხი", - აღნიშნა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

მისივე თქმით, ამ თემით საზოგადოების ნერვიულობა არ ღირს, რადგან იმ საქმეებზე, რომელიც კარგად არის გაკეთებული არ უნდა ვინერვიულოთ.