გოგა ხაჩიძე იუსტიციის საბჭოში ასარჩევ წევრთა იურიდიული განათლების დაკონკრეტებას ითხოვს

გოგა ხაჩიძე იუსტიციის საბჭოში ასარჩევ წევრთა იურიდიული განათლების დაკონკრეტებას ითხოვს

უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ პირთა კრიტერიუმად უმაღლესი იურიდიული განათლების ქონის განსაზღვა ისეთივე ტიპის პრობლემებს გააჩენს , რაც თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან და მის დიპლომთან დაკავშირებით მოხდა.

წულუკიანის დიპლომი პლენარულ სხდომაზე ხაჩიძემ რამდენჯერმე ახსენა და ასევე რამდენჯერმე იკითხა, თუ რა არის უმაღლესი იურიდიული განათლება.

თეა წულუკიანის დიპლომი და მისი იურიდიული განათლების თემა ხაჩიძეს ამჯერად რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის იმ ნაწილის განხილვისას გაახსენდა, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და არის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი.

"იქიდან გამომდინარე, თუ რა პრეცედენტი არის დღეს ქვეყანაში, ვგულისხმობ ქალბატონ თეა წულუკიანის დიპლომთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს, ეს შემდეგი გაუგებრობების სპირალში ხომ არ შეგვიყვანს?! აქ არის მოთხოვნა, რომ წარმოდგენილ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, მაღალი რეპუტაცია, უნდა იყოს სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი. უკვე განჩდა უცნაური კითხვები, თუ რა არის უმაღლესი იურიდიული განათლება. ჩვენ კი ვიცით და შეთანხმებული ვიყავით ამაზე, მაგრამ ქალბატონ თეა წულუკიანის დიპლომის უმაღლეს იურიდიულ განათლებასთან იდენტიფიცირებამ ახალი განსაზღვრებები და განმარტებები გააჩინა და ეს ალბათ ყველას შეეხება", - განაცხადა ხაჩიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.