ლაითურის მოსახლეობამ რწმუნებულს კარები აუჭედა

ლაითურის მოსახლეობამ რწმუნებულს კარები აუჭედა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მცხოვრებლებმა რწმუნებულს სამუშაო ოთახის კარები აუჭედეს. აქციის მონაწილეები რწმუნებულის და მისი თანაშემწეების გათავისუფლებას მოითხოვენ. დაბა ლაითურში მცხოვრები მარინა აბაშიძის თქმით, კარები იმიტომ აჭედეს, რომ აღარ სურთ ლაითურს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მართავდნენ.

"ცხრა წელი იყვნენ ხელისუფლებაში და ლაითურელებისთვის არაფერი გაუკეთებიათ. აღარ გვინდა ჭაობში ცხოვრება, მოვითხოვთ რწმუნებულად "ქართული ოცნების" კოორდინატორი დაინიშნოს", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მარინა აბაშიძემ.

აქციის მონაწილე ანზორ აბაშიძის თქმით, დაბის მოსახლეობა ოზურგეთის მუნიციპალიტიტეტის გამგებელს ერთი თვის წინ შეხვდა და მოსახლეობის მოთხოვნა გააცნო. მისივე თქმით, ოზურგეთის გამგებელმა მოსახლეობის დაპირება არ შეასრულა და მოქმედი რწმუნებულის შეცვლა ისევ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერით იგეგმება. უფრო სწორედ, იმ ადამიანით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე დაბაში ნაციონალების კოორდინატორი იყო.

აქციის მონაწილეები ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

"თუ ზვიად კვაჭანტირაძე არ მოვა და მოსახლეობას არ შეხვდება, რწმუნებულს და მის თანაშემწეებს მუშაობის საშუალებას არ მივცემთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.