საგარეო უწყება სოჭში გამართული შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს

საგარეო უწყება სოჭში გამართული შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოს საგარეო უწყება სოჭში, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სერაფიმეს, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. 

ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა დეტალები მათთვის უცნობია. ზალკალიანის განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ ამ საკითხზე ჟურნალისტები საპატრიარქოს მიმართავენ.

როგორც ცნობილია, სოჭში, 29 მარტს გამართულ შეხვედრას, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიაქროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი ესწრებოდნენ.

ამ შეხვედრაზე ითქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ ფორმატში მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს, ამ დრომდე საპატრიარქოდან გამოხმაურება არ მომხდარა.