ვახტანგ ხმალაძე:   უმრავლესობა უზენაეს სასამართლოსთან მიღწეულ შეთანხმებას არ გადასინჯავს

ვახტანგ ხმალაძე: უმრავლესობა უზენაეს სასამართლოსთან მიღწეულ შეთანხმებას არ გადასინჯავს

საპარლამენტო უმრავლესობას საერთო სასამართლოებზე უზენაეს სასამართლოსთან მიღწეული შეთანხმების გადასინჯვის საფუძველი არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების საკითხში უმცირესობასთან შეთანხმების მიღწევას შეეცადა, თუმცა ეს ვერ მოხდა.

"შეთანხმება ვერ შედგა, რადგან უმცირესობამ მოითხოვა იმ შეთანხმების გადასინჯვაც კი, რომელსაც მივაღწიეთ მთავრობასა და უზენაეს სასამართლოსთან. ჩვენ მისი გადასინჯვის არანაირი საფუძველი არ გვაქვს", - განაცხადა ხმალაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, იურიდიული კომიტეტის მიმართვის საფუძველზე ცვლილება შევა კანონპროექტის იმ მუხლში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პარლამენტის მიერ ასარჩევი წევრების დამტკიცების წესს ადგენს.

"არსებული რედაქციის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს პარლამენტი ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ჩვენ ვაპირებთ, ეს მუხლი შევცვალოთ ისე, რომ კენჭისყრის პირველ ტურში საბჭოს წევრები აირჩეოდნენ მხოლოდ ორი მესამედის უმრავლესობით, რაც ოპოზიციის გარეშე ვერ მიიღწევა. თუ პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, კენჭისყრის მეორე ტურში საკმარისი იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. თუმცა იმისთვის, რომ ყველა შემთხვევაში დარჩეს ოპოზიციის თანამონაწილეობის აუცილებლობა, 6 ასარჩევი წევრიდან 2 მაინც უნდა იყოს არჩეული ორი მესამედის უმრავლესობით", - აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე განმარტებით, თუ ესეც ვერ მოხერხდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ადგილი ვაკანტური დარჩება და ორი თვის შემდეგ პროცესი თავიდან დაიწყება.

"ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ორი წევრი ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით არ იქნება არჩეული", - განაცხადა ხმალაძემ.

"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული და დამტკიცებულია, კვლავ მეორე მოსმენაზე ბრუნდება. ამასთან, პარლამენტში უკვე დარეგისტირდა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან დასამტკიცებელი წევრების არჩევის საკითხს განსაზღვრავს.