შს სამინისტროს ავტომობილების გაყიდვის ხელახალი ვადა 14:00 საათზე იწურება

შს სამინისტროს ავტომობილების გაყიდვის ხელახალი ვადა 14:00 საათზე იწურება

აუქციონზე ხელმეორედ გატანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილების გაყიდვის ვადა დღეს, 14:00 საათზე იწურება. 

ამ დრომდე აუქციონში ავტომობილის შეძენის მხოლოდ ერთი მსურველია დარეგისტირებული. აუქციონის ერთადერთმა მონაწილემ ელექტრონული ბიჯი BMW M5-ის 2009 წლის მოდელის შესაძენად 30 მარტს დააფიქსირა. ავტომანაქნის საწყისი ფასი 50 575 ლარია, ხოლო ვაჭრობის ბიჯი 1012 ლარს შეადგენს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილებს დღეს 14:00 საათამდე არავინ შეიძენს, ხელახალი აუქციონი გამოცხადდება, თუმცა შეიცვლება თუ არა ფასები, ჯერ უცნობია.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული 50-მდე ძვირად ღირებული ავტომობილი აუქციონზე 26 მარტს ხელმეორედ გაიტანა. პირველი აუქციონი 6 მარტს დასრულდა და მასში მონაწილეობა არავის მიუღია. ავტომობილების ფასები 18 000 – 55 000 დოლარის ფარგლებშია.

ამასთან, სანამ ავტომობილებს აუქციონზე გაიტანდნენ, რამდენიმე მოქალაქემ მანქანებში საკუთარი ავტომობილი ამოიცნო. მათი თქმით, მანქანები ძველი ხელისუფლების დროს უკანონოდ გადააფორმებინეს. ისინი ავტომობილების დაბრუნებას ითხოვენ. შსს-ს წარმომადგენელთა განცხადებით, პრობლემური ავტომობილები აუქციონზე არ გასულა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, აუქციონის მიმდინარეობისას რომელიმე ავტომობილის მიმართ მოქალაქეთა მხრიდან პრეტენზია არავის გამოუთქვამს.