ლაფანყურის სპეცოპერაციის შესასწავლად სახალხო დამცველი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ლაფანყურის სპეცოპერაციის შესასწავლად სახალხო დამცველი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს 2012 წლის ანგარიში გააცნო. როგორც უჩა ნანუაშვილმა 2012 წლის შეფასებისას განაცხადა, არჩევნების შემდეგ მთელ რიგ სფეროებში ადამიანის უფლებების სერიოზული გაუმჯობესება შეინიშნება. თუმცა, მისივე თქმით, ამავდროულად გამოიკვეთა არაერთი მიმართულება, სადაც სერიოზული პრობლემები ფიქსირდება. 

ნანუაშვილმა ისაუბრა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში ციხეებში 67 პატიმარი გარდაიცვალა, რაც მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, სახალხო დამცველი მიესალმება ამნისტიას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ასევე, საქართველოში პატიმართა რაოდენობის, დაახლოებით, 12 000-ით შემცირებას.

როგორც უჩა ნანუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ანგარიშში დეტალურად არის საუბარი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და გაანალიზებულია სხვადასხვა ხასიათის უფლებების რღვევები.

მისივე თქმით, ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით შესწავლილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერსესის მქონე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში გამოვლენილ პროცესუალურ დარღვევებს. კერძოდ, უჩა ნანუაშვილის თქმით, საუბარია თენგიზ გუნავას, ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, დავით ახალაიასა და სხვა პირთა საქმეებზე, რომელთა შესახებ საკუთარი რეკომედაციებმა საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე გადაუგზავნა მთავარ პროკურატურას.

უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველმა შეისწავლა ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან 2012 წლის აგვისტოს ბოლოს განვითარებული მოვლენები. როგორც სახალხო დამცველი ამბობს, კონფიდენციალური წყაროებისაგან და სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა, იკვეთებოდეს სერიოზული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები.

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, ზემოხსენებული ფაქტების შესწავლის მიზნით.
ამასთან, ნანუაშვილის ინფორმაციით, ლაფანყურთან განვითარებულ მოვლენებში იკვეთება სერიოზული დარღვევები, მათ შორის ორი ქართველის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლებიც, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ინსტრუქტორები იყვნენ.

საპარლამენტო ანგარიშში, უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, ცალკე თავი ეთმობა 2012 წლის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებს, რაც ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენდა.

ასევე, 2012 წელი, ომბუდსმენის შეფასებით, გამოირჩეოდა მედიასაშუალებების წარმოამდგენლების უფლებების დარღვევების უპრეცედენტო სიმრავლით. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდი წარმოადგენდა.

სახალხო დამცველის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან პოლიტიკური ცვლილებების შედეგად მოქალაქეების მხრიდან უკიდურესად გაიზარდა მიმართვები სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ პროკურატურაში 18 000-მდე საქმეა შესული, მათ შორის 9 000-მდე საკუთრების უფლების რღვევას ეხება.

ომბუდსმენის განცხადებით, 2012 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების რაოდენობა, თუმცა არასასურველ ტენდეციად ჩამოყალიბდა რელიგიური შეუწყნარებლობა, სიძულვილის ენის გამოყენება და ქსენოფობია.

სახალხო დამცველის ანგარიში 776 გვერდს მოიცავს. ანგარიში უჩა ნანუაშვილმა 30 მარტს პარლამენტს წარუდგინა, რომლის განხილვაც, სავარაუდოდ, აპრილის პირველ ნახევარში მოხდება.