ირმა ნადირაშვილი სოფელ ზემო ხოდაშენში საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ ქალბატონებს შეხვდა

ირმა ნადირაშვილი სოფელ ზემო ხოდაშენში საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ ქალბატონებს შეხვდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ მანანა მინდელაშვილსა და მანანა მარკოზაშვილს სახლში ესტუმრა. დეპუტატმა ორივე ქალბატონის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები მოისმინა. 

სამსახურიდან გათავისუფლებულთა განცხადებით, სოფლის ტერიტორიულ ორგანოში სპეციალისტად რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათი თქმით, მიღებული გამოცდილების მიუხედავად, არჩევნების შემდეგ, ჯერ განცხადების დაწერა აიძულეს, შემდგომ კი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და ისინი "ქართული ოცნების" აქტივისტებით ჩაანაცვლეს. მანანა მინდელაშვილი საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს.

როგორც შეხვედრაზე ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. უმცირესობის წევრი ხელისუფლებას საჯარო მოხელეების სამსახურებიდან დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამასთან, "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში ახმეტაც მოხვდა. რაიონში ე.წ. "ოპტიმიზაციის" პროცესი სხვადასხვა უწყების 300-მდე თანამშრომელს შეეხო.