"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონპროექტს დღეს კომიტეტები განიხილავენ

ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად ორკვირიანი ვადა უწესდება, დღეს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ.

"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის ავტორიც საგარეო საქმეთა სამინისტროა, დღეს საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა ამ მიმართულებით პრეზიდენტს ვადებს არ უწესებს. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების თანახმად კი, პრეზიდენტმა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თანამდებობაზე პარლამენტის თანხმობის მიღებიდან ორი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს.

ამავე ცვლილებებით, დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობაზე პირის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის მაქსიმალური ვადა დგინდება. ინიცირებული პროექტის თანახმად, დროებითი მოვალეობის შემსრულებელი დიპლომატიურ თანამდებობაზე არა უმეტეს ექვსი თვის ვადით ინიშნება. ამასთან, ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. კანონპროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა კანონის ამოქმედებამდე დანიშნულ დროებით მოვალეობის შემსრულებლებზეც გავრცელდება, ხოლო ვადის ათვლა თანამდებობაზე მათი დანიშვნის დღიდან განხორციელდება.

გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისთვის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება მხოლოდ ერთ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი, ნაცვლად სამი წლისა. ასევე, ცვლილებების გათვალისწინებით, აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იგივე თანამდებობაზე დანიშვნა ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელი იქნება.
"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ფარგლებში, კანონის გარდამავალ დებულებებს ახალი პუნქტი ემატება, რომლის მიხედვით, პირებზე, რომლებსაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა კანონის ამოქმედებამდე გაუგრძელდათ, მითითებული შეზღუდვა ვადის ამოწურვის შემდეგ გავრცელდება.