პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივას ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ .
საუბარია დეპუტატ გია გაჩეჩილაძის ავტორობით და ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე, რომლის მიხედვით ბიუჯეტიდან დაფინანსება შეიძლება ისეთმა პარტიებმაც მიიღონ, რომლებიც საარჩევნო სუბიექტად რეგისტრირებული არ არიან, არც ბლოკის დამფუძნებელია, მაგრამ რომლის წარმომადგენელიც პარლამენტის წევრია. ამ მიმართულებით ცვლილებები "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შედის.
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებზე გადასანაწილებელ თანხებს ის პარტიაც მიიღებს, რომელიც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად არ მონაწილეობდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრირებული არ იყო, მაგრამ რომლის წარმომადგენელი თუ წარმომადგენლები პარტიის სახელით შეყვანილი იყვნენ საარჩევნო ბლოკის სიაში და არიან პარლამენტის წევრები. პროექტის გათვალისწინებით, ასეთმა პარტიებმა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის წელიწადში 130 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება უნდა მიიღონ.
კოალიცია "ქართული ოცნება" ექვმა პოლიტიკურმა სუბიექტმა დააფუძნა. კოალიციის სიით კი პარლამენტში გასულია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელთა პარტიებიც საარჩევნო სუბიექტად რეგისტირებული არ იყვნენ.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" მოქმედი კანონით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ის პარტია, რომელმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გადალახა 4%-იანი ბარიერი ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში – 3%-იანი ბარიერი. საბაზო დაფინანსება საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს შორის თანაბრად ნაწილდება.