პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიში შევიდა

პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიში შევიდა

პარლამენტს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში წარედგინა. 

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დოკუმენტი პარლამენტს გუშინ ჩაბარდა. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ხვალ ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი პრესკონფერენციის გამართავს და ანგარიშის დეტალებს გაასაჯაროებს.

სახალხო დამცველი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის მარტში წარუდგენს. პარლამენტში შეტანილ დოკუმენტში ამ მიმართულებით 2012 წელს მომხდარ ფაქტებზე იქნება ყურადღება გამახვილებული.

"სახალხო დამცველის შესახებ" კანონის თანახმად, ანგარიშში უნდა მიეთითოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ის ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს არღვევდნენ, არ ითვალისწინებდნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების შესახებ. ამასთან, სახალხო დამცველის ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მოხსენებას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მოისმენს. მანამდე კი დოკუმენტს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს.

სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიში 2012 წლის მოწვევის პარლამენტისთვის პირველია. ასევე, პირველად წარადგენს დოკუმენტს სახალხო დამცველის რანგში უჩა ნანუაშვილი.