პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას რეფერენდუმის დღეს ულოცავს

პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას რეფერენდუმის დღეს ულოცავს

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას რეფერენდუმის დღეს ულოცავს. 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმს პრეზიდენტი სპეციალური განცხადებით "facebook"-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 31 მარტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა.

"დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - 22 წლის წინათ საქართველოს მოსახლეობამ პასუხი გასცა ქვეყნის არსებობის მთავარ შეკითხვას: სურდა თუ არა ყოფილიყო მისი სამშობლო დამოუკიდებელი. 1991 წლის 31 მარტს ამ შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა რეფერენდუმში მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ და გადაწყვიტა კიდეც ქვეყნის ბედი.

ჩემო მეგობრებო, დღეს, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, როდესაც მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როდესაც დამოუკიდებლობის სურვილი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობით არის განმტკიცებული, ჩვენი - ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობაზე. მწამს, რომ დამოუკიდებლობის ცნება ჩვენთვის არა მხოლოდ ფურცელზე გადატანილი სიტყვა და დოკუმენტის სახით მიღებული დეკლარაციაა, არამედ ჩვენს გულებში ანთებული სიამაყის გრძნობა, რომელსაც მუდმივად სჭირდება გაღვივება სიყვარულით, ერთგულებით, თავდადებით, პატრიოტიზმითა და ერთიანობით.

მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ. წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს, ჩვენს ქვეყანას კი - კეთილდღეობას, აყვავებას და საბოლოო გამთლიანებას", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მილოცვაში.