ილია მეორე:  ჩვენ ერთი პარტია გვაქვს და ეს არის ჩვენი სამშობლო

ილია მეორე: ჩვენ ერთი პარტია გვაქვს და ეს არის ჩვენი სამშობლო

ჩვენ ნამდვილი ერთი პარტია გვაქვს და ეს არის ჩვენი სამშობლო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. 

უწმინდესის თქმით, მას აკვირვებს, რომ ძალიან ხშირად მოქალაქეები ფიქრობენ თავის თანამდებობაზე, შემოსავალზე, თავის ბედნიერებაზე და ნაკლებად ფიქრობენ სამშობლოზე.

"ჩვენ დღეს მრავალი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რადგან ხშირად ჩვენ ამ პერიოდს ვუწოდებთ გარდამავალ პერიოდს. როგორ დამთავრდება ეს გარდამავალი პერიოდი, არავინ იცის და ჩვენ მაინც და მაინც ნაკლებად ვიწუხებთ თავს და ვფიქრობთ, რომ სხვამ უნდა გააკეთოს, სხვამ უნდა იშრომოს, მე კი უნდა ვჭამო, - აი ასეთი დამოკიდებულებაა დღეს. მე მინდა შევეხო ერთ საკითხს, რა არის სამშობლო. ეს დიდი საიდუმლოებით მოცული რამეა. ყოველი ჩვენგანი არის ნაწილი სამშობლოსი, ეს არის ადამიანის გული, ეს არის ადამიანის გონება. ყოველი ჩვენი ფიქრი უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს, რადგან ჩვენი ფესვები აქ არის და ჩვენ თუ დავკარგავთ ჩვენს კავშირს წინაპრებთან, ჩვენს კულტურასთან, სარწმუნოებასთან, მამულთან, ყველაფერი დაიკარგება. ამიტომ მე ძალიან მაკვირვებს ის, რომ ძალიან ხშირად ჩვენი თანამემამულეები ფიქრობენ თავის თანამდებობაზე, თავის შემოსავალზე, თავის ბედნიერებაზე და ნაკლებად ფიქრობენ სამშობლოზე", - აღნიშნა უწმინდესმა.

ამათან, მან გაიხსენა რამოდენიმე წლის წინ მომხდარი შემთხვევა, როდესაც საქართველოში შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა. "ის მეუბნებოდა, რომ ჩვენს პარლამენტში ოპოზიცია არ გვყავსო. მაშ როგორ ცხოვრობთ მეთქი? ყველა ვაკეთებთ სამშობლოს საქმეს და ყველა სამშობლოს ვემსახურებით და ის გვაძლევს ჩვენ ყველაფერს რაც საჭიროაო. მე ძალიან მაკვირვებს, როდესაც ჩვენი პარლამენტის წევრები ამბობენ – ეს ეკუთვნის უმრავლესობას, ეკუთვნის უმცირესობას. გვავიწყდება, რომ ჩვენს სულთან დგას სამშობლო და ჩვენს სულთან არის ის საოცარი რამ, რომელიც თუ დაიკარგება, ყველაფერი გაქრება. ჩვენ აღარ ვიარსებებთ, ჩვენ გავითქვიფებით რომელიმე ერში. ამიტომ სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის ჩინს. ის კი არ უნდა ვიფიქროთ, რომელ პარტიას ვეკუთვნით. ნამდვილი ერთი პარტია გვაქვს ჩვენ, ეს არის სამშობლო, ეს არის ჩვენი ხალხი. ჩვენ უნდა დავინახოთ, ვის უჭირს და ვის ულხინს", - ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ასევე უნდა ვიფიქროთ, თუ ვის სჭირდება დაყოფა, რადგან ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებს. "რა თქმა უნდა, მთელს მსოფლიოში არის ასეთი წესი, რომ არსებობს ესა თუ ის პარტია, მაგრამ ეს პარტია და ნებისმიერი პარტია და ადამიანი უნდა ემსახურებოდეს თავის ხალხს, გაჭირვებულ ხალხს, თავის სამშობლოს და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს ჩვენ ხედვა, თუ სად არის გაჭირვება და სად არის სიყვარული, სად არის სიხარული და სად არის ბოროტება, ეს უნდა გაარჩიოს ჩვენმა ხალხმა", - ბრძანა უწმინდესმა.