"საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებზე ხვალ კომიტეტებში იმსჯელებენ

"საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლითაც საკრებულოებში გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის არჩევის წესი იცვლება, ხვალ საპარლამენტო კომიტეტებში იმსჯელებენ . 

კანონპროექტს ჯერ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ, შემდეგ მასზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები იმსჯელებენ.

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელი ირინა იმერლიშვილია, ხოლო ინიციატორი მასთან ერთად - სოსო ჯაჭვლიანი და თამაზ ჯაფარიძე.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, მმართველ უმრავლესობას ცვლილებები საკრებულოებში გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესში შეაქვს. თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები – საკრებულოები პარლამენტის მსგავსად, პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე ირჩევა. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები საკრებულოს გამოკლებული მაჟორიტარის ადგილმონაცვლის საკითხს ეხება.

კერძოდ, დღეს მოქმედი კოდექსით, თუკი საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ არა ნაკლებ ხუთ წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, უახლოეს სექტემბერ-ოქტომბერში შუალედური არჩევნები ტარდება. ამასთან, თუკი შუალედური არჩევნების ჩატარებამდე 60 დღეზე ნაკლებია დარჩენილი, სადღეისოდ დადგენილი ნორმის მიხედვით, შუალედური არჩევნები მომავალი წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარდება. გარდა ამისა, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა ამბობს, რომ თუკი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ორ წელზე ნაკლები, შუალედური არჩევნები არ ტარდება.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტი აღნიშნულ წესს მთლიანად ცვლის და საკრებულოს მაჟორიტარული შუალედური არჩევნების გამართვის ვადასა და სიხშირეს ზრდის. კერძოდ, შეთავაზებული პროექტის თანახმად, საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც, მათი რაოდენობა ნაცვლად ხუთისა, სამს მიაღწევს, შუალედური არჩევნები ჩატარდება. შუალედური არჩევნები კი გაიმართება უახლოეს თებერვალში, ივნისში ან ოქტომბერში, თუკი შესაბამისი თვის ბოლომდე 70 დღეზე მეტია დარჩენილი, ხოლო თუ დარჩენილია 70 დღეზე ნაკლები, შუალედური არჩევნები ზემოთ აღნიშნულთაგან შესაბამის მომდევნო თვეში ჩატარდება. შესაბამისად, წამოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, საკრებულოს შემადგენლობის შევსება სამჯერ მოხდება.

გარდა ამისა, პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საკრებულოს შუალედური არჩევნები არ ტარდება, ორი წლიდან ერთ წლამდე მცირდება ანუ შუალედური არჩევნები არ ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.