პრეზიდენტი კათოლიკეებს, სომხებსა და ლუთერანული ეკლესიის მრევლს აღდგომას ულოცავს

პრეზიდენტი კათოლიკეებს, სომხებსა და ლუთერანული ეკლესიის მრევლს აღდგომას ულოცავს

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კათოლიკეებს, სომხებსა და ლუთერანული ეკლესიის მრევლს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. პრეზიდენტის მილოცვები "facebook"-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა .

"დღეს, როდესაც მთელი კათოლიკური სამყარო მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, მინდა მივულოცო ეს დღე კათოლიკეთა წინამძღოლს, რომის პაპს ფრანცისკს და ყველა კათოლიკეს.

ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ კათოლიკე მრევლს საქართველოში და დიდი მოწიწებით აღვნიშნავ იმ ისტორიულ წვლილს, რომელიც კათოლიკე ქართველებმა ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და, ზოგადად, ჩვენი კულტურის განვითარების მხრივ შეიტანეს.

შეუფასებელია კათოლიკე მისიონერთა ღვაწლი ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, რომლებმაც საქართველო გააძლიერეს, როგორც ევროპული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებასა და ჩვენი სამშობლოს წინსვლას", - ნათქვამია სააკაშვილის მილოცვაში.

პრეზიდენტი ასევე ულოცავს საქართთველოს სომხურ თემს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ქართველთა და სომეხთა ურთიერთობები ყოველთვის გამორჩეული იყო.
"სომხეთის წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. დიდი სიყვარულით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს თანამემამულეებს - საქართველოს სომხურ თემს, ჩვენს მოძმე სომხეთს და სომხურ დიასპორებს მთელ მსოფლიოში.

დასაფასებელია ქართველთა და სომეხთა ძმობა, რომელიც გამორჩეულია არა მარტო ქრისტიანულ ცივილიზაციაში, არამედ კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. საქართველოს სომხური თემი ყოველთვის განსაკუთრებული თავდადებით იღწვოდა ჩვენი საერთო სამშობლოს კეთილდღეობისთვის", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

მიხეილ სააკაშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ლუთერანული ეკლესიის მრევლსაც ულოცავს და აღნიშნავს, რომ ლუთერანული ეკლესიის მრევლი მრავალკონფესიური საქართველოს განუყოფელი ნაწილია.