დღეს დიდმარხვის მეორე კვირიაკე აღინიშნება

დღეს დიდმარხვის მეორე კვირიაკე აღინიშნება

დიდმარხვის მეორე კვირიაკე, დღეს ~სინათლის მქმნელთა მარხვათა~ სახელწოდებით აღინიშნება .
როგორც `ინტერპრესნიუსს~ საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

კვირა დღეს ტაძრებში წირვაზე სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი ერთ-ერთ სახლში განრღვეულს განკურნავს, რომელიც სახურავიდან ჩაუშვეს.
დიდმარხვის მესამე კვირიაკეს კი ჯვართთაყვანისცემა აღინიშნება.

დიდმარხვა წელს 18 მარტს დაიწყო და უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, 5 მაისს, დასრულდება.

ხვალ, ასევე თესალონიკელი მღვდელმთავრის წმ. გრიგოლ პალამას ხსენების დღე აღინიშნება. იგი მე-14 საუკუნეში მწვალებლობის, მართლმადიდებლობის არასწორად სწავლების, კერძოდ, კათოლიციზმის წინააღმდეგ გამოდიოდა. 1328-30 წლებში, ანდრონიკე III ზეობის პერიოდში, პაპის ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, კალიბრიიდან კონსტანტინეპოლში ჩამოვიდა მეცნიერი ბერი ბარლაამი. მოჩვენებითად მიიღო მართლმადიდებლობა, ბერად აღიკვეცა და მონასტრის იღუმენიც კი გახდა. ბარლაამი ათონის წმიდა მთაზეც მივიდა, სადაც ისიხასტი ბერების სულიერი ცხოვრების წესს გაეცნო. ბარლაამი ეკამათებოდა ბერებს და ცდილობდა, დაესაბუთებინა მათთვის, რომ თაბორის ნათელი ქმნილი მოვლენა იყო. ამასთან, იგი იმასაც კი არ ერიდებოდა, რომ სასაცილოდ აეგდო ბერმონაზონთა მონათხრობები ლოცვის მეთოდებისა და სულიერ გაცისკროვნებათა შესახებ.

ათონელ ბერთა თხოვნით გრიგოლ პალამამ თავდაპირველად სიტყვიერი შეგონებით მიმართა ბარლაამს, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, წერილობით გამოსცა თავისი საღვთისმეტყველო დასაბუთებანი. ასე შეიქმნა ცნობილი "ტრიადები წმიდა ისიხასტთა დასაცავად" (1338).

1340 წელს ათონელმა მოღვაწეებმა ნეტარი მამის ხელმძღვანელობით შეადგინეს ერთობილივი პასუხი ბარლაამის თავდასხმებზე, ეგრეთ წოდებული "წმიდა მთის ტომოსი". კონსტატინეპოლის საეკლესიო კრებაზე 1341 წელს, წმიდა სოფიას ტაძარში, წმიდა გრიგოლი ბარლაამს შეეჯახა სიტყვიერ პაექრობაში, რომელიც ძირითადად თაბორის ნათლის გარშემო წარმოებდა. ბარლაამის მოძღვრება დაგმეს, როგორც მწვალებლობა, თვით იგი კი შეაჩვენეს. ბარლაამი იძულებული გახდა ბერებისათვის შენდობა ეთხოვა და იტალიაში დაბრუნებულიყო.