პროკურატურა მზად არის, თავი შეიკავოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა საგამოძიებო უწყებებში დაბარებისაგან

პროკურატურა მზად არის, თავი შეიკავოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა საგამოძიებო უწყებებში დაბარებისაგან

საქართველოს მთავარი პროკურატურა მზად არის, თავი შეიკავოს იმ კანდიდატთა საგამოძიებო უწყებებში დაბარებისაგან, რომლებიც კენჭს იყრიან. 

როგორც უწყებათაშორისი კომისის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერმა განუცხადა, მთავარი პროკურატურა მზად არის, უზრუნველყოს შუალედური არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად, თავი შეიკავოს იმ კანდიდატთა საგამოძიებო უწყებებში დაბარებისაგან, რომლებიც იყრიან კენჭს. მისივე თქმით, ეს არ შეეხება იმ შემთხვევებს, თუ საპროცესო ვადები მოითხოვს საწინააღმდეგოს ან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

"მთავარი პროკურატურა მზად არის, რომ ეს წესი გაავრცელოს საარჩევნო აქტივისტ წევრებზეც, რათა არჩევნების მიმდინარეობას ხელი არ შეეშალოს. თუმცა, აქტივისტების ეს სია, რომლებიც არიან საარჩევნო შტაბთან ასოცირებული წევრები, მთავარ პროკურატურას უნდა გადაეცეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს სია იყოს რეალისტური, შეესაბამებოდეს რეალობას და არ იყოს ხელოვნურად გაზრდილი. ეს სია არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ საგამოძიებო ქმედებებისგან თავის დაღწევა შეძლოს კონკრეტულმა პირმა," – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

მანვე აღნიშნა, რომ იმ საქმეებზე, სადაც დანიშნულია წინასამართლო სხდომა, პროკურატურა ვალდებულია, მტკიცებულებები შეაგროვოს ან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში, განახორციელოს თავისი საქმიანობა.