უწყებათაშორისი კომისია სამართალდამცავთა მიმართ რეკომენდაციებზე შეჯერდა

უწყებათაშორისი კომისია სამართალდამცავთა მიმართ რეკომენდაციებზე შეჯერდა

უწყებათაშორისი კომისია შეჯერდა რეკომენდაციებზე, რომლებიც გარკვეული ტიპის საქმეებზე, შუალედური არჩევნების პერიოდში, ამა თუ იმ პირის მიმართ გამოძიების გადავადებას ეხება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ კინწურაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კომისია შეჯერდა ერთიან რეკომენდაციაზე, თუმცა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე და აპარატი შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს ოპოზიციის აქტივისტთა საგამოძიებო ორგანოებში გახშირებული დაბარებების გამო. კინწურაშვილის ინფორმაციით, ეს ეხება განსაკუთრებით სამ რაიონს, სადაც 27 აპრილს შუალედური არჩვნები იმართება.

"მძიმე მდგომარეობაა ნაძალადევის რაიონში, სადაც პრაქტიკულად მთელი საარჩევნო შტაბი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება",-აღნიშნა კინწურაშვილმა.
ამასთან, როგორც კინწურაშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ გამოირიცხოს საგამოძიებო ქმედებების ზეწოლის მექანიზმად აღქმის შესაძლებლობა, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს - უზრუნველყონ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ აქტივისტთა ან მხარდამჭერთთა მიმართ ძველ საქმეებზე დაკითხვისგან თავის შეკავება, გარდა ახლა ჩადენილი სამართალდარღვევებისა, რაც დაუყოვნებლივ სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.

"რეკომენდაცია ეძლევათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ საგამოძიებო მოქმედებებისაგან იმ პირთა მიმართ, ვინც ამათუ იმ ფორმით აქტიურობს რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერად, რათა გამოირიცხოს ძველი საქმეების გამოყენებით ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ან ხელის შემშლელად აღქმის შემთხვევები",-აღნიშნა კონწურაშვილმა.

უწყებათშორისი კომისიის სხდომა ეროვნული უშიშროების საბჭოში დღეს გაიმართა.