ოზურგეთში მეოთხე საუკუნის სამარხი აღმოაჩინეს

ოზურგეთში მეოთხე საუკუნის სამარხი აღმოაჩინეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მეოთხე საუკუნით დათარიღებული სამარხი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსის” რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, სარკოფაგი
ამავე სოფელში მცხოვრებმა ნინო რამიშვილმა საგაზაფხულო სამუშაოებისას იპოვა და ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელობას აცნობა.

ისტორიული მუზეუმის დირექტორის, გოგა ტრაპაიძის თქმით, შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდა და სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი აღმოჩენის ადგილას ჩავიდა.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ვახტანგ გლიჩელმა განუცხადა, აღმოჩენილია უნიკალური ძეგლი, რომელიც სავარაუდოდ, მეოთხე-მეექვსე საუკუნით თარიღდება. მასალის შესწავლის შემდეგ, არ არის გამორიცხული, მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდეს.

გურიის ექსპედიციის ხელმძღვანელ ვაჟა სადრაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საფლავის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა დაიწყება შესაძლოა, ტაძრის ნანგრევებსაც მიაგნონ.

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გოგა ტრაპაიძემ " აღნიშნა, სარკოფაგის ნაწილებს დღესვე გადაიტანებენ მუზეუმში და დაიწყება მისი რესტავრაცია.

მსგავსი საფლავი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ვაშნარის ტერიტორიაზეც იპოვეს.