არასამთავრობოები ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობოები ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, აჭარის შს სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას მიერ საიას თანამშრომლების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის გამო. 

არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო პოლიციის უფროსის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული ფაქტის დროულად და ობექტურად გამოძიების ნაცვლად, სამწუხაროდ, ადგილი აქვს დანაშაულის დაფარვისა და გამოძიების არასრულყოფილად წარმართვის მცდელობას.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ინციდენტის სავარაუდო ამსახველი ვიდეომასალის განადგურების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვან მტკიცებულებად ქცეულიყო გამოძიების წარმოებისას. ვფიქრობთ, რომ შსს-ს მიერ ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები, რომლებშიც აქცენტები მხოლოდ საიას თანამშრომლის ბრალეულობაზე კეთდება, გამოხატავს სამინისტროს ცალმხრივ პოზიციას. შსს-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ გასაჯაროებული ვიდეოფირით არ დასტურდება საიას თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობას ჰგავს", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ დროულად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოიძიოს აღნიშნული საქმე, როგორც ძალადობისა და მუქარის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების (ვიდეოჩანაწერის წაშლის) ნაწილში, ხოლო გამოძიების დასრულებამდე აჭარის შს სამმართველოს უფროსს შეუჩერდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება.
ამ განცხადებას ხელს აწერენ: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო",

"ღია საზოგადოება – საქართველო", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", "საქართველოს პრესის ასოციაცია", "სამოქალაქო განვითარების სააგენტო", "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი", "მწვანე ალტერნატივა".