შს სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ყაჩაღობაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა

შს სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ყაჩაღობაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. 

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1984 წელს დაბადებული ჯაშარ კ, 1981 წელს დაბადებული მალხაზ ს, 1990 წელს დაბადებული სალიბეგ გ. და 1976 წელს დაბადებული ედუარდ ნ. ყაჩაღობის ბრალდებით.

"დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, ავტომატით, პისტოლეტებითა და დანებით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პიროვნება მარნეულის შესასვლელში მდებარე გაზგასამართ სადგურში შეიჭრა, რა დროსაც ადგილზე ორი ოპერატორი იმყოფებოდა. ბოროტმოქმედებმა 4 ათას ლარზე მეტი თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა თავდამსხმელების თანამზრახველი, ტაქსის მძღოლი ედუარდ ნ. ცხელ კვალზე, შემთხვევიდან ერთ საათში, გაზგასამართი სადგურიდან ორ კილომეტრში, ხოლო სამივე ბოროტმოქმედი მარნეულთან ახლოს, საავტომობილო მაგისტრალზე დააკავეს.

დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა "ა-კა-ეს"-ის ტიპის ავტომატური იარაღი 29 ვაზნით, ბარაბნიანი პისტოლეტი 4 ვაზნით, პისტოლეტი ერთი მჭიდით, დანები, ფულადი თანხა და ნიღბები ამოიღეს. "ოპელის" მარკის ავტომობილიდან, რომელიც თავდამსხმელებმა გადაადგილებისთვის გამოიყენეს, ამოღებულია "ერ-გე-დე"-ს ტიპის ხელყუმბარა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" პუნქტებით (ყაჩაღობა საცავში ან სადგომში შეღწევით, ჯგუფურად) მიმდინარეობს, რაც 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.