უმრავლესობა ზაალ სამადაშვილის გადარჩევის საკითხის დასმას ხრიკად აფასებს

უმრავლესობა ზაალ სამადაშვილის გადარჩევის საკითხის დასმას ხრიკად აფასებს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" "ალბათ უკეთესია გააცნობიეროს, რომ ცვლილებებს ვერ შეაჩერებს", - ასე ეხმაურება საპრლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეკა ბესელია თბილისის საკრებულოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

მისივე განმარტებით, საკრებულოს საქმიანობაში ცენტრალური ხელისუფლება არ ერევა, მაგრამ აუცილებელია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა რეალობასთან ადაპტირებით თავად მოახერხონ და საზოგადოების განწყობას არ აცდნენ.

"ის რაც გუშინ მოხდა, ფარსი იყო და იმისთვის გაკეთდა, რომ შემდეგი სამი თვის განმავლობაში აღარ დადგეს საკრებულოს თავმჯდომარის გადარჩევის საკითხი. ჩვენ საკრებულოს საქმიანობაში არ ვერევით, მაგრამ საკრებულოს წევრებმა თვითონ რეალობასთან ადაპტირებით უნდა მოახერხონ, რომ საზოგადოების განწყობას არ აცდნენ. ქვეყანაში ცვლილებები მოხდა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის " წევრები მოწყდნენ მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას. როგორ შეიძლება ხალხს უნდოდეს ცვლილებები და საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი აჩერებდეს ამ პროცესს. ალბათ, უკეთესი იქნება "ნციონალურმა მოძრაობამ" გააცნობიეროს, რომ ცვლილებებს ვერ შეაჩერებს", - განუცხადა ეკა ბესალიამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ. თბილისის საკრებულოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს უმრავლესობის სხვა წევრებიც გამოეხმაურნენ.

ეკა ბესელიას მსგავსად საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ზაალ სამადაშვილის გადარჩევის საკითხის დაყენებას ვიცე-სპიკერი მანან კობახიძეც ხრიკად აფასებს.

"ეს პრაქტიკულად არის ხრიკი, იმისთვის რომ შემდეგი სამი თვის განმავლობაში შეინარჩუნოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა. მაგრამ ყველამ იცის, რომ საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის შემადგენლობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ისინი გადართული არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილების მიღებაზე და არ არიან დაკავებულები თბილისელებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე", – აღნიშნა მანანა კობახიძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლებისგან საკრებულოს წევრებზე პოლიტიკურ ზეწოლას ადგილი სწორედ წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა.


"გავიხსენოთ რა მოხდა უახლოეს წარსულში, როცა ვიქტორ დოლიძე და მე გახლდით თბილისის საკრებულოს წევრები და ვიყავით ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე. როგორც კი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა, მაშინვე გადაგვირჩიეს თანამდებობიდან. სწორედ ეს ფაქტი იყო ოპოზიციაზე ზეწოლა, სწორედ ეს არის მაგალითი თუ როგორ იქცეოდა წინა ხელისუფლება, მსგავსი რამ ახლა არ ხდება", – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.