არჩილ კბილაშვილი - სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამრთლის საქმე აღძრული არ არის

არჩილ კბილაშვილი - სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამრთლის საქმე აღძრული არ არის

მთავარის პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამრთლის საქმე აღძრული არ არის. როგორც კბილაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა , შესაბამისად მის მიმართ არანაირი დევნა არ დაწყებულა.

"არანაირი დევნა სოსო პავლიაშვილის მიმართ დაწყებული არ არის. ის არ გახლავთ ბრალდებული. ეს ფაქტი შემიძლია დაგიდასტუროთ. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს უშუალოდ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და რამდენიმე პირი პასუხისმგებაშიც არის მიცემული. საქმე აღძრულია, მაგრამ - არა პავლიაშვილის მიმართ" - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორის განმარტებით, სოსო პავლიაშვილთან მიმართებაში მინიშნება ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაში გამოიკვეთა, თუმცა მთავარი პროკურორის თქმით, ქართველი მომღერლის წინააღმდეგ დევნის დასაწყებად ეს საკმარისი მტკიცებულება არ არის.


"ადუაშვილის საქმეში არსებულ ერთ-ერთ ჩვენებაში არის მითითება სოსო პავლიაშვილზე, მაგრამ ეს ამ ეტაპზე არ არის საკმარისად მიჩნეული, რათა დევნა დაიწყოს. შესაბამისად, პავლიაშვილის მიმართ არაფერი არ ხორციელდება. თუ დამატებითი მონაცემები იქნება და გამოძიება მივა იმ აზრამდე, რომ შეიძლება "ამაზე" ვიფიქროთ, მის მიმართ დევნა იქნება დაწყებული, მაგრამ ჯერჯერობით ეს არასაკმარისად არის მიჩნეული". – დასძინა არჩილ კბილაშვილმა.

გუშინ ტელეკომპანია მე-9 არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სოს პავლიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ბიზნესმენი ავთო ადუაშვილი 2012 წლის ნოემბერში სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან" საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს. მკვლელობიდან რამდენიმე ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის შემკვეთი შესაძლოა, სოსო პავლიაშვილი იყოს. ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ექვსი პირია დაკავებული, მათ შორის - სოსო პავლიაშვილი დის ქმარი ვახტანგ ჩხაპელია.