მთავრობის კანცელარიასთან იპოთეკარების მიერ დაზარალებული მოსახლეობის აქცია გაიმართება

მთავრობის კანცელარიასთან იპოთეკარების მიერ დაზარალებული მოსახლეობის აქცია გაიმართება

მთავრობის კანცელარიასთან დღეს, იპოთეკარების მიერ დაზარალებული მოსახლეობის აქცია გაიმართება.

"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმის დროს მოვალეთა დიდმა ნაწილმა სესხი საკუთარი ოჯახის წევრებისთვის ძალადობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმებებისთვის აიღო, ნაწილმა კი 2008 წლამდე ტურისტული სეზონისთვის, თუმცა, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ზარალი განიცადა.

როგორც მჟავანაძე აცხადებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუქციონზე გატანილ მოვალეთა უძრავ ქონებას არა საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელები ეუფლებიან. მისი თქმით, სწორედ ამის გამო, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მდგომარეობა იქნება რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყანაში.

"წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომაც მრავალგზის დაპირების მიუხედავად, რომ ამ პრობლემის მოგვარება დაიწყებოდა, ჯერჯერობით სიტუაცია უცვლელია, მოქალაქეების გამოსახლებები ყოველდღე მატულობს. სწორედ ამიტომ "უფლებადამცველთა გაერთიანება" 30 მარტს, 14:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან კერძო იპოთეკარების მიერ დაზარალებული მოსახლეობის აქციას გამართავს", - აღნიშნა მჟავანაძემ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ხელისუფლების უმოქმედობაზე პროტესტს გამოთქვამენ და მთავრობას დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.