"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი აქვთ

კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი აქვთ. როგორც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა თამარ კორძაიამ აღნიშნა , ეს პირველი არჩევნებია, რომელსაც ახალი ხელისუფლება ატარებს და შესაბამისად, მოსახლეობაზე დიდია პასუხისმგებლობა.

თამარ კორძაიას თქმით, ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უნდა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება.

"მათ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს 1-ელ ოქტომბერს და შეუძლიათ თავიანთი არჩევანი 27 აპრილს განამტკიცონ. სწორედ მოსახლეობის ღირსეულ არჩევანზე მიუთითებს ის, რომ რამდენიმე ოლქში არჩეული კანდიდატები დღეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თუ პროცესი დახვეწილი კანონმდებლობის პირობებში წარიმართებოდა, თუმცა 1-EელL ოქტომბერს ხალხის ნებას ვერ აღუდგა ცუდი კანონიც და ვფიქრობ, ეს არც ამ შემთხვევაში იქნება დაბრკოლება", - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

სამტრედიაში წარმატების მიღწევის იმედი აქვს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი კახიანს. მისი თქმით, უკვე დაიწყო აქტიური საარჩევნო ფაზა და არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეს მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებში გამოიყენებს. კახიანის თქმით, მისთვის კარგად არის ნაცნობი სამტრედიის მოსახლეობის პრობლემები და შეეცდება ყველა მათგანი ხალხის საკეთილდღეოდ გადაწყდეს.

ბაღდათის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა კიკნაველიძემ კი აღნიშნა, რომ ბაღდათის ამომრჩეველი საკმაოდ კრიტიკულად მოაზროვნე და გემოვნებიანია და მათი ნდობის მოპოვება ადვილი არ არის.

"თუმცა, იმედი მაქვს, მათი ნდობის მანდატის მოპოვებას შევძლებ. ძალიან მნიშვნელოვანია კანონშემოქმედებითი საქმიანობა ისე წარიმართოს, რომ საზოგადოებამ გაუმჯობესებულ გარემოში ცხოვრება შეძლოს. ჩემი ძირითადი პრიორიტეტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემური ხელყოფის შედეგად დამდგარი შედეგების ლიკვიდაციაზე ზრუნვა იქნება. ასევე ვეცდებით საკანონმდებლო გარანტიების შექმნას იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს", - აღნიშნა პაატა კიკნაველიძემ.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.