"როსპოტრებნადზორის" მორიგ დელეგაციას ღვინის ეროვნული სააგენტო პირველი აპრილიდან უმასპინძლებს

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო "როსპოტრებნადზორის" მორიგ დელეგაციას პირველი აპრილიდან უმასპინძლებს. 

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თბილისში ისევ 6-კაციანი დელეგაცია ჩამოვა და მეორე ეტაპზე 40-მდე კომპანიას შეამოწმებს.
მისივე ინფორმაციით, დელეგაცია სამ ჯგუფად გაიყოფა, რადგან შესამოწმებელია დასავლეთ საქართველოში, მათ შორის რაჭაში, აჭარასა და სამეგრელოში არსებული საწარმოები.

რაც შეეხება პირველ ეტაპზე შემოწმებულ კომპანიებს, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ამჟამად ისინი პროდუქციას არეგისტრირებენ და მათმა უმეტესობამ საჭირო დოკუმენტაცია სრულად წარადგინა.

"რამდემადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთის ბაზარზე არსებობს დიდი ინტერესი და მოთხოვნა და ზოგიერთ შემთხვევაში მიწოდებასაც აჭარბებს. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება მხოლოდ მოცულობაზე ზრუნვის მცდელობა, რადგან ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ხარისხი. კომპანიების რეგისტრაციის პროცედურის დასრულებით პროცესში სახელმწიფოს როლი იწურება. შემდგომ ეტაპზე ჩვენ კომპანიებს მხოლოდ კომუნიკაციაში დავეხმარებით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, რუსეთის ბაზარზე დაბრუნება სხვა ბაზრებზე უარის თქმას არ გულისხმობს.

"საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ევროპული პოზიციებიც, სწორედ ამიტომ ღვინის ეროვნული სააგენტო და ქართული კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ მსოფლიო ფორუმებში, რომელიც შეხვედრების საუკეთესო პლატფორმაა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტო გენადი ონიშენკოს სავარაუდო სტუმრობაზე ამ ეტაპზე ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელი თბილისში სტუმრობას მოინდომებს, "სტუმარი ღვთისაა".