დავით დარჩიაშვილი:

დავით დარჩიაშვილი: "შვეიცარიის ელჩის წერილი არაკორექტულია, თუკი ეს ადეკვატური თარგმანია"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილის განცხადებით, "შვეიცარიის ელჩის წერილი არაკორექტულია, თუკი ეს ადეკვატური თარგმანია".

ამის შესახებ დარჩიაშვილმა "პრაიმთაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას, გიუნტერ ბეხლერის წერილის შეფასებისას განაცხადა.

"შორს ვარ აზრისგან, რომ არ იყოს პრობლემები დემოკრატიის თვალსაზრისით, სასამართლოს აბსოლუტურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც მთავარია, უკან არ დავაბრუნოთ", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპის სახალხო პარტია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალაა და მისი შედარება საბჭოთა კავშირთან უხერხულია.

"არ ვიცი, რა წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს ამას შვეიცარიის ელჩი. ევროპის სახალხო პარტია ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი კოალიციაა და ვისი აზრი უფრო პოლიტიკურად ანგარიშგასაწევია, საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს. ევროპის წამყვანი პარტიის შედარება საბჭოთა კავშირთან უხერხულია, თუ რა თქმა უნდა, ეს ადეკვატური თარგმანია", - აღნიშნა დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ სასურველი იქნება, წერილის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთოს.

"არ გამოვრიცხავ, შვეიცარიის ელჩს ეგულისხმა ერთი და მეორე გამოსვლოდა. ასეთი რამ ხშირად ხდება. სასურველი იქნებოდა, ჩვენი დიპლომატიური არხებით გარკვევა, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა ჩვენი დიპლომატიური სამსახური უფრო ერთი კონკრეტული პარტიის სამსახურში დგას. ქალბატონ ფანჯიკიძეს, ალბათ, გაახარებდა ასეთი განცხადება", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთმა წევრმა კარგად აითვისა საბჭოთა სტილის პროპაგანდისტული მეთოდები და მათი განცხადებები საერთოდ არ შეესაბამება საქართველოში არსებულ რეალობას.