ელმავალმშენებელი ქარხნის დირექტორი გაფიცულთა პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს

ელმავალმშენებელი ქარხნის დირექტორი გაფიცულთა პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს

თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის გენერალური დირექტორი ზურაბ ცინცაძე გაფიცული თანამშრომლების პროტესტს არ იზიარებს და აცხადებს, რომ მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ზურაბ ცინცაძემ განაცხადა, უსაფუძვლოა მიმდინარე წლის სამი თვის ხელფასის დავალიანების შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან მარტის თვე ჯერ არ დახურულა, ხოლო იანვარსა და თებერვალში საწარმო გაჩერებული იყო.

ზურაბ ცინცაძის განცხადებით, თებერვლის თვეში მხოლოდ 4 დღე იმუშავა საწარმომ და ოთხი დღის ხელფასს თანამშრომლები 15 აპრილამდე მიიღებენ.

რაც შეეხება თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლების პრეტენზიებს სამუშაო პირობების არქონის გამო, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გენერალურ დირექტორს თავისი პოზიცია აქვს. მისი თქმით, საწარმოებში თანამშრომლებს გასათბობად მართლაც კოცონები აქვთ დანთებული, რადგან საწარმოს გათბობა არ ხდება.

ზურაბ ცინცაძის განცხადებით, თუკი აქამდე თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანას რაიმე ტენდერში მიუღია მონაწილეობა, ყველა ტენდერში გაუმარჯვია და არსებობს პერსპექტივა, რომ ტენდერში გაიმარჯვებენ და სხვა შეკვეთებსაც მიიღებენ.

ზურაბ ცინცაძის განმარტებით, თუკი რომელიმე თანამშრომელს პირობები არ მოსწონს და ის ნორმები არ აკმაყოფილებს, რაც საწარმოშია, შეუძლიათ სხვა სამსახური მოძებნონ.