ფრანს ტიმერმანსი - არსებობს მყარი საფუძველი ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად

ფრანს ტიმერმანსი - არსებობს მყარი საფუძველი ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად

არსებობს მყარი საფუძველი ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად, - საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ამის შესახებ ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა. მაია ფანჯიკიძესა და ფრანს ტიმერმანსს შორის შეხვედრა ქართველი მინისტრის ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

"არსებობს მყარი საფუძველი ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად და ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშავოთ. საქართველოსთან კონკრეტულად ასოცირების შეთანხმების შესახებ ვსაუბრობთ, რომელიც მყარ საფუძველს ქმნის ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკური თანამშრომლობისა და ხალხთა შორის ურთიერთობებისთვის", - აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს დაეთმო. შეხვედრის მონაწილე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები შეაფასეს.
დღესვე მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ ჟანინ ჰენის-პლასჩერტისთან გამართა.