ყადაღის შესახებ გადაწყვეტილება აბსოლუტურად სამართლიანი იყო მაგრამ თუ ვინმეს უნდა, რომ მიუსადაგოს ეს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ეს მათი ნებაა. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ევროპიდან მუქარებს და შანტაჟებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის დაყადაღებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ყადაღა აბსოლუტურად კანონიერია და ამ საკითხს ვიზალიბერალიზაციასთან არაფერი აკავშირებს.
„როგორც წესი შეიძლება ეს საკითხიც დაიხვიონ ხელზე იმისთვის, რომ პროტესტის ტალღა ააგორონ საქართველოში ან რაღაც ისევ კრიტიკული წერილებით ან რეზოლუციებით შემოიფარგლონ.
საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვაქვს საუბარი აბსოლუტურად კანონიერ ქმედებაზე, როდესაც არასამთავრობო სექტორის გარკვეული ნაწილი არ დაემორჩილა არსებული კანონმდებლობას, არ გააკეთეს გამჭვირვალეობა თავისი ფინანსების და უფრო მეტიც, მათი ყველა საქმიანობა მიმართული იყო რადიკალური ჯგუფების დაფინანსებისკენ სხვადასხვა არეულობისა თუ რევოლუციური სცენარების მოწყობისაკენ, რაც არავითარ შემთხვევაში არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართულება. გამომდინარე იქიდან, რომ კანონით ეს ყველაფერი არ ხორციელდებოდა და არ რეგულირდებოდა მათ თავზე ჰქონდათ გასული ყველაფერი და ფიქრობდნენ, რომ ეს დაუსჯელობის სინდრომი გაგრძელდება. კანონი უნდა იყოს კანონი ყველასათვის, მით უმეტეს თუ კი ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და ახორციელებენ გარკვეულ საქმიანობას.
ყადაღის შესახებ გადაწყვეტილება აბსოლუტურად სამართლიანი იყო მაგრამ თუ ვინმეს უნდა, რომ მიუსადაგოს ეს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ეს მათი ნებაა. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ევროპიდან მუქარებს და შანტაჟებს - თუ ასე არ მოიქცევით ჩვენ მაშინ ასე გავაკეთებთ და ასე მოვიქცევით. ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოში კანონის და კონსტიტუციის მოქმედებას, ის უნდა იყოს ყველასთვის საერთო“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაედო.