ივანიშვილი: ,,ქარს არ წაუქცევია და მოუგლეჯია ხეები, სამაგიეროდ გადახადა ბავშვების გაკეთებული სახურავები”

ივანიშვილი: ,,ქარს არ წაუქცევია და მოუგლეჯია ხეები, სამაგიეროდ გადახადა ბავშვების გაკეთებული სახურავები”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გორში ქარის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსები მოინახულეს. ივანიშვილის თქმით, ახალი მთავრობა რეაბილიტაციის პროცესს უკეთესად წარმართავს. ,,აბა ნახეთ მერე ჩვენი გაკეთებული” – განაცხადა ივანიშვილმა. გორში ყოფნისას ჟურნალისტების ზედმეტი მობილიზება შენიშნა და განაცხადა, რომ არ იყო ამდენი აჟიოტატი საჭირო.

,,მოვეშვათ პიარს და საქმე ვაკეთოთ დროულად” – განუცხადა პრემიერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ის ჯერ გორის ადმინისტრაციულ შენობასთან მივიდა. ,,ვინ არიან ეს ხალხი, მოგესალმებით” – იკითხა ადმინისტრაციულ შენობის კიბესთან მდგარ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე. ,,მე მგონი არ იყო ამდენი აჟიოტატის ატეხვა ჩემს ჩამოსვლაზე, დავასვენოთ ჟურნალისტებიც. მე სახლების დასათვალიერებლად ჩამოვედი” – თქვა პრემიერმა.

თავდაპირველად კომბინატის ტერიტორიაზე დაზიანებული საცხოვრებელი სახლები მოინახულა, შემდეგ სტალინის გამზირზე მივიდა. ,,საჭიროა, ამ სახლებს სპეციალისტებმა მიხედონ და ტექნოლოგიების გათვალისწინებით მოხდეს სამუშაოების დაწყება. აი, ნახავთ ჩვენს როგორ გავაკეთებთ და მერე თუ ახდის ქარი. მე მგონი არ იყო ისეთი ქარი, რომ ხეები წაექცია და ძირფესვიანად მოეგლიჯა. მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა. სამაგიეროდ, ვნახეთ გადახდილი სახურავები. ასეა, ერთი კაცი არ უნდა აკეთებდეს ამას. ბავშვები აკეთებდნენ ამას მგონი. სამუშაოებს სპეციალისტები უნდა ახორციელებდნენ” – განაცხადა ივანიშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები დღესვე შევა. სარეზერვო ფონდიდან აღდგენით სამუშაოებზე თანხები გადაიქაჩება. საბოლოოდ, რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, ჯერ ადგილობრივ თვითმმართველობას ამის თქმა უჭირს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, დაზიანებებები თითქმის 60 კორპუსის სახურავს მიადგა. ნაწილის თუნუქები ქუჩებში გადაიყარა, ნაწილი კი მწყობრიდან გამოვიდა.