მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაზე მომუშავე არქიტექტორები დააჯილდოვა

მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაზე მომუშავე არქიტექტორები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაზე მომუშავე არქიტექტორები დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ანდრეა ბრუნოსა და ივანე გრემელაშვილის მეუღლეს ბრწყინვალების ორდენები გადასცა.

პრეზიდენტმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა კულტურის ყოფილ მინისტრს ნიკა რურუასა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს .
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბაგრატის ტაძრის აღდგენა ქართველი ხალხის მრავალი ხნის ოცნება იყო.

"ბაგრატის ტაძრის აღდგენა თავისთავად მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს პოლიტიკის სრულიად უაზროდ გარევა იმაში, რაც საერთო ეროვნული,კულტურული საკითხია. მაგალითად, სიმბოლოებად უნდათ კლიშეების დამკვიდრება. ვიღაცამ მოკრა ყური, რომ ბაგრატში იქნება ლივტი და დღემდე მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ლივტი არ არის, იძახიან, ლივტია ახალ ტაძარში. ამ პრიმიტიულმა კრიტიკამ ბევრი რამ გააფუჭა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბაგრატს მწვანე გუმბათი ჰქონდა და ეს აღმოჩნდა არქეოლოგიური გათხრების დროს.

მისი თქმით, ქუთაისთან მიმართებაში ყოფილი ხელისუფლების გეგმა იყო ძალიან მასშტაბური.

"ჩვენ მრავალი წლის წინ დავიწყეთ ქუთაისის მეორე დედაქალაქად ქცევის პროგრამის განხორციელება. ამ პროგრამის განხორციელებას რამდენიმე ეტაპი ჰქონდა. ეს იყო ქუთაისის კულტურული ცენტრის განვითარება და აღორძინება, ეს იყო ქუთაისის ცენტრის ხელახლა აშენება. დაიწყო ქუთაისის გარშემო ინფრასტრუქტურის განვითარება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის აზრით, თუ საფრთხე არის საქართველოს უკან დაბრუნების, ამის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი არის მშენებლობის შეჩერება და აშენებულის დანგრევაზე საუბარიც კი.