პაატა კიკნაველიძე ადასტურებს, რომ ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

პაატა კიკნაველიძე ადასტურებს, რომ ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

ადვოკატი პაატა კიკნაველიძე ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კიკნაველიძემ განუცხადა, პარლამენტში საქმიანობის დიდი სურვილი არ ჰქონდა, თუმცა მაჟორიტარობის კანდიდატობაზე კოალიცია "ქართულ ოცნებას" დათანხმდა და გარკვეული პრიორიტეტებიც ჩამოყალიბებული აქვს.

"პრიორიტეტი იქნება საკანონმდებლო საქმიანობა, რაც პირდაპირი ფუნქციაა პარლამენტის წევრის. ასევე, საკუთრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ამაზე კანონპროექტი მომზადებული მქონდა მანამდე, სანამ არჩევნებში მონაწილეობის შეთავაზებას მივიღებდი", - განაცხადა პაატა კიკნაველიძემ.

ამასთან, მისთვის მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელების თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.

პაატა კიკნაველიძე წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში მონაწილეობდა, მათ შორის იცავდა "ქართუ ბანკისა" და კომპანია "ბურჯის" ინტერესებს.
ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სამტრედიაში "ქართული ოცნების" კანდიდატი ასევე იურისტი, ასოცირებული პროფესორი გიორგი კახიანი იქნება. რაც შეეხება ნაძალადევს, სააგენტოს ინფორმაციით, ამ ოლქშიც იურისტი შეეცდება სადეპუტატო მანდატის აღებას.

მაჟორიტარობის კანდიდატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ დაასახელებს.
ამასთან, ცესკო-ში კანდიდატების დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 28 მარტს იწურება.