ჩიორა თაქთაქიშვილი – მივესალმები, თუ პრეზიდენტი სასამართლოების შესახებ კანონს ვეტოს დაადებს

ჩიორა თაქთაქიშვილი – მივესალმები, თუ პრეზიდენტი სასამართლოების შესახებ კანონს ვეტოს დაადებს

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის მიერ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის მიღებას კვლავ ქვეყნის ევროპასთან დაახლოების პერსპექტივებს უკავშირებს და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედება ევროპასთან დაახლოებაზე უარის თქმას ნიშნავს.

როგორც დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა "პირველ რადიოში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიესალმება, თუკი კანონპროექტის წინააღმდეგ პრეზიდენტი მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს და მას ვეტოს დაადებს.

თაქთაქიშვილის თქმით, პარლამენტის მიერ "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის მიღება ხელს შეუშლის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას და ქვეყნის ევროპასთან დაახლოების პროცესს დიდი ხნის განმავლობაში შეაყოვნებს. ამ კონტექსტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა ყურადღება ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილ დასკვნაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერებას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ეს ყველა ახალი ხელისუფლებისათვის პრეცედენტი იქნება. მისივე თქმით, სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე "ევროპის სახალხო პარტიის" თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად არ გაიზიარებს, ამან შეიძლება საქართველოს ასოცირების შეთანხმების გაფორმებაში ხელი შეუშალოს.

"სწორედ ამიტომ ითხოვს მიხეილ სააკაშვილი პარლამენტისგან, რომ არ მოხდეს კანონპროექტის არსებული სახით დამტკიცება. ეს არის მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტის განკარგულებით განსაზღვრულ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის განხილვა და დამტკიცება არ ფიგურირებს", - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი 3 აპრილამდე დარჩენილ დროში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად გაითვალისწინებს.