ბიძინა ივანიშვილი გორში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი გორში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან ერთად ქალაქ გორში, ჩავიდა და ის ადგილები დაათვალიერა , რომლებიც გუშინდელი ძლიერი ქარის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდნენტი იუწყება, პრემიერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სტიქიით დაზარელებულ მოსახლეობას შეხვდა. ივანიშვილმა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაცია მიიღო და კონკრეტული დავალებები გასცა.

პრემიერის თქმით, მთავრობა სრულად არის მობილიზებული, რათა სტიქიის შედეგები უმოკლეს დროში იყოს ლიკვიდირებული და სწრაფად და ხარისხიანად დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები. მისივე თქმით, გუშინდელი სტიქია არ იყო განსაკუთრებით მასშტაბური თუმცა, ამგვარი შედეგები გორში მხოლოდ იმის გამო დადგა, რომ ბოლო წლების გამვავლობაში გადახურვითი სამუშაოები მეტისმეტად უხარისხოდ იყო შესრულებული.
გორში უკვე შექმნილია საგანგები შტაბი, რომელიც ზარალს დაითვლის და სარეაბილიტაციო სამუშაობს გაუწევს კოორდინირებას.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, გორის საკრებულო დღეს ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებას შეიტანს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ფინანსთა სამინისტროც დაეხმარება.