პარლამენტი

პარლამენტი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონს 3 აპრილის პლენარულ სხდომაზე განიხილავს

პარლამენტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივებს 3 აპრილის პლენარულ სხდომაზე განიხილავს . შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განხილვის საგანი არ იქნება.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელმა ირინა იმერლიშვილი აცნობა.

"უმრავლესობის ლიდერების, პრემიერ-მინიტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის განხილვა 3 აპრილს გაიმართება. შესაბამისად, რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის მიერ მოწვეულია ამ საკითხის გარეშე", - აღნიშნა იმერლიშვილმა.

პრეზიდეტის განკარგულებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს, 14:00 საათიდან არის მოწვეული. განკარგულებას თან სხდომის დღის წესრიგიც ერთვის, რომელშიც მესამე მოსმენით დამტკიცებისთვის გათვალისწინებულია კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, გარემოს დაცვის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი და "ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტი.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მიმართა. მთავარი საკითხები კი, რის გამოც უმრავლესობას დღეს რიგგარეშე სხდომის ჩატარება სურს, საკონსტიტუციო ცვლილებები და მასთან ერთად "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი იყო.