საზოგადოებრივ მაუწყებელთან სოციალურად დაუცველთა მხარდამჭერი აქცია დასრულდა

საზოგადოებრივ მაუწყებელთან სოციალურად დაუცველთა მხარდამჭერი აქცია დასრულდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ სოციალურად დაუცველთა მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა, დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს , რაც მათი წარმომადგენლები მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელ ლევან გახელაძეს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი მარჯანიძემ განაცხადა, მათ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისგან მიიღეს პირობა, რომ უახლოეს დღეებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუებში სოციალურად დაუცველთა პრობლემები გაშუქდება.

"მივაღწიეთ იმას, რომ დაიგეგმება გადაცემა, რომელიც სოციალურად დაუცველთა პრობლემებზე იქნება კონცენტრირებული და სადაც მონაწილეობას სოციალურად დაუცველები თავადაც შეძლებენ", - აღნიშნა გიორგი მარჯანიძემ.

ჟურნალისტებისთვის კომენტარი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემაც გააკეთა. "მათი აღშფოთება გასაგებია იმ სიტუაციის გამო, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ. უახლოეს დღეებში საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ პრობლემებს თოქ-შოუებშიც გააშუქებს და დაახლოებით ერთ თვეში გადაცემას გაუშვებს ეთერში, რომელიც მათ პრობლემებს მიეძღვნება", - აღნიშნა ლევან გახელაძემ.

სოციალურად დაუცველები ხვალ დილით აქციის გამართვას ჯერ თბილისის მერიასთან, ხოლო შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროსთან გეგმავენ, სადაც ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.