შიმშილით გარდაცვლილი ბავშვის გამო მწუხარების ნიშნად პრეზიდენტის სასახლეზე დროშა დაუშვეს

შიმშილით გარდაცვლილი ბავშვის გამო მწუხარების ნიშნად პრეზიდენტის სასახლეზე დროშა დაუშვეს

საქართველოში იმის საშუალება მაინც არის, რომ შიმშილით სიკვდილის პრობლემა არ იდგეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მომხდარი კარგად შესასწავლია და მას ყველა კარგად უნდა დაუფიქრდეს. "გოგიტა აბაშიძის სიკვდილი არის დიდი ტრაგედია. გავეცი განკარგულება, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ჩვენი მწუხარების ნიშნად დროშა დაუშვან. ამავდროულად, ეს გაკვეთილი უნდა იყოს ყველა ჩვენგანისთვის, რათა ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რომ მომავალში რაიმე მსგავსი თავიდან ავიცილოთ და საქართველოს ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს დავეხმაროთ. გაჭირვება არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მტერი. თუ ყველანი ერთად დავდგებით, ჩვენ ამ მტერს აუცილებლად დავამარცხებთ და ამ პრობლემას გადავლახავთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკიდურესად გაჭირვებულების სახელმწიფო დახმარების პროგრამა მისი პრეზიდენტობის პირველ წლებში ამოქმედდა, თუმცა ამ პროგრამის მუშაობით ბოლომდე კმაყოფილი არასოდეს ყოფილა.

"განსაკუთრებით, პრობლემები იყო აჭარის რეგიონში. ბათუმში რამდენიმე პირს პასუხი ვაგებინეთ, რომ ეს პროგრამა სათანადოდ არ ხორციელდებოდა. ბევრი სირთულე წარმოიქმნა ახალი მთავრობის პირობებში ამ მიმართულებით. ძალიან ბევრი ოჯახი არასათანადო ყურადღების გამო უმძიმეს პირობებშია და დარჩენილია ამ პროგრამის მიღმა. ვინმეს კონკრეტულად დადანაშაულება სწორი არ იქნებოდა, თუმცა, მოვუწოდებ მინისტრებს, ნუ ისხდებით კაბინეტებში, იარეთ ოჯახ-ოჯახ, შეისწავლეთ გაჭირვებული ოჯახების პრობლემები. 21-ე საუკუნეში შიმშილით არავინ უნდა კვდებოდეს. საქართველოში იმის საშუალება მაინც არის, რომ შიმშილით სიკვდილის პრობლემა არ იდგეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.