ძლიერ შტორმს ბათუმში მსხვერპლი მოჰყვა

ძლიერ შტორმს ბათუმში მსხვერპლი მოჰყვა

ბათუმის ზღვის სანაპიროებზე ამ დროისთვის დაახლოებით 5 ბალამდე სიმძლავრის შტორმი ფიქსირდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის საგანგებოს სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა მერაბ ნაკაიძემ განუცხადა, წუხელ, დაახლოებით 23.00 საათზე, მოქალაქეებმა დაინახეს, რომ თევზაობის დროს მეთევზე ზღაში გადავარდა და ტალღებმა ჩაითრია. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ბათუმის ახალ ბულვარში ძლიერმა შტორმმა საფეხმავლო ბილიკი წაიღო. ამ დრომდე ბათუმის ზღვის სანაპიროებზე დაახლოებით 5 ბალამდე სიმძლავრის შტორმი ფიქსირდება. სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის, ჰუსეინ სირაბიძის ცნობით, ზღვის ძლიერი ღელვა დილის 05.00 საათზე დაიწყო, რომლის სიმძლავრემაც 6 ბალამდე მიაღწია.

ძლიერმა შტორმმა გამოიწვია სანაპიროს დანაგვიანებაც, ასევე ამ დრომდე ვერ ხერხდება დატბორილი ხიმშიაშვილის ქუჩის გაწმენდა. აღნიშნული ქუჩა ზღვის პირზე გადის და ტალღებმა ქუჩის საწრეტი მილები დააზიანა, რის გამოც ქუჩიდან წყალი არ გაედინება.

როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, მსგავსი სახის სტიქია ბოლო რვა წლის განმავლობაში ბათუმის ზღვის პირზე არ დაფიქსირებულა.
სტიქიის ზონაში სამაშველო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები. ზღვა ამ დრომდეც ბათუმის ბულვარის ბილიკებამდე ამოდის.